ოკუპირებული ტერიტორიები

Газета.Ru: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ilc.ria.ru

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება - ამის შესახებ ინფორმაციას Газета.Ru ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებელი, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქებს ადლერსა და გაგრას შორის ყოველდღიურ რეჟიმში ივლის და მგზავრობის ღირებულება 200 რუბლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბროს. კარასინის თქმით, აბაშიძესთან „აკრძალული თემები" არ არსებობს იმ საკითხებში, რაც ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება.

„ჩვენ არ გვაქვს აკრძალული თემები იქ, სადაც საქმე ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ამიტომ, ალბათ განხილული იქნება ესეც. თუმცა ამ საკითხში (რკინიგზა აფხაზეთის გავლით) დაინტერესებულია მესამე მხარეც, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ძალიან დელიკატურები. ყველა საკითხს, რომელიც ასე თუ ისე ეხება აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს, ჩვენ განვიხილავთ ივლისის პირველ რიცხვებში ჟენევაში", - განაცხადა კარასინმა.

კომენტარები