მაღალი პრემიები

TI: თბილისის თვითმმართველობებში პრემიები და დანამატები ყოველწლიურად იზრდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, თბილისის მერიასა და საკრებულოში პრემიებისა და სახელფასო დანამატების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ორგანიზაციამ 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. TI-მ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.

"2012-2014 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს – 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს – 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 18,2 მილიონი. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა. მაგრამ იმის გამო, რომ უწყებებს სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, სავარაუდოდ, თანხის მოცულობა უფრო დიდია", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

ჯამში, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. TI-ის ცნობით, ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ორგანიზაციას ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა. აქედან გამომდინარე, TI ვარაუდობს, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს.

კომენტარები