წმინდა საყდარი და რუსეთის ფედერაცია

პაპმა პუტინს "მშვიდობის ანგელოზის" მედალიონი აჩუქა

პაპი ფრანცისკე და ვლადიმერ პუტინი
nbcnews.com

10 ივნისს, ვატიკანში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პაპ ფრანცისკესთან შეხვედრაზე საათი და 10 წუთი დააგვიანა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და პონტიფექსის მეორე ოფიციალური შეხვედრა, პაპის ბიბლიოთეკაში 50 წუთს გაგრძელდა და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

როგორც ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ყველა მხარეს, რომელსაც კავშირი აქვს უკრაინის კონფლიქტთან, შეასრულოს მინსკის შეთანხმება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პუტინმა პაპს ქრისტე მაცხოვრის ტაძრის გამოსახულება აჩუქა, თავის მხრივ, პაპმა მას გადასცა მედალიონი, რომელზეც მშვიდობის ანგელოზია გამოსახული.

"ეს მედალიონი, რომელიც წინა საუკუნეში შექმნა მხატვარმა, გამოსახავს ანგელოზს, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, სამართლიანობა და სოლიდარობა, და გვიცავს", - განაცხადა პონტიფექსმა.

მშვიდობის ანგელოზი - გვიდო ვეროი
მედალიონი იტალიელი სკულპტორის, გვიდო ვეროის შესრულებულია, რომელმაც 2002 წელს ასევე შეასრულა ვატიკანის პირველი ევრომონეტები, იოანე-პავლე მეორის გამოსახულებით. მედალიონზე, რომელიც პაპმა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ლიდერს აჩუქა, წერია: „სოლიდარული და მშვიდობიანი სამყარო, დაფუძნებული სამართალზე".

გვიდო ვეროი

"მშვიდობის ანგელოზის" გამოსახულება, გაურკვეველ პოლიტიკურ მესიჯს ატარებს. უწოდა თუ არა პონტიფექსმა პუტინს "მშვიდობის ანგელოზი"? - ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს მედალიონი იყო მოწოდება მშვიდობისკენ. თუმცა პაპმა ის გადასცა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსაც, რამაც ისრაელის აღშფოთება გამოიწვია.

როგორც ჩანს, პაპმა მაჰმუდ აბასს აღნიშნული საჩუქრის გადაცემისას უთხრა, რომ ის "ცოტათი მშვიდობის ანგელოზია". მოგვიანებით ვატიკანის პრესსპიკერმა, მღვდელმა ფედერიკო ლომბარდიმ განმარტა, რომ ანგელოზი ამ კონტექსტში ნიშნავდა "წარგზავნილს" მშვიდობისთვის. იგივე საჩუქარი თავის დროზე პრეზიდენტმა ობამამაც მიიღო.

კომენტარები