ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი: პროკურატურის პოზიცია არასწორია

სოსო ბარათაშვილი
პორტალი "კვირა"

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პროკურატურის პოზიცია საჩივრისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არასწორია.

"არც გრიფით საიდუმლო ადევს და ვერც გადმოგვეცემოდა განჩინება, მას რომ საიდუმლო გრიფი ჰქონდეს დადებული. მხოლოდ ცალკეული სიტყვები არის დაშტრიხული მოსამართლის მიერ და ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს განჩინება არის საიდუმლო დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, პროკურატურის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, არასწორი. გვიმყარებს რწმენას იმისა, რომ მათი საჩივრის გასაიდუმლოება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ფართო საზოგადოება ვერ გაეცნოს მას, ვინაიდან პროკურატურას არ გააჩნია არავითარი არგუმენტი", - თქვა ბარათაშვილმა.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციას პროკურატურის მიერ საჩივრისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭების შესახებ უწყებამ აშკარა ტყუილი უწოდა. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი, საიდუმლო განჩინება გაესაჩივრებინა არასაიდუმლო საჩივრით და სწორედ ამიტომ იყვნენ ვალდებული საჩივრისთვის საიდუმლო გრიფი მიენიჭებინათ, რათა არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება.

პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო საჩივარი გადაგზავნილია საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რათა მიიღონ დასკვნა, თუ რა ნაწილის გასაჯაროება შეიძლება. "შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ ჩვენ აუცილებლად მოვხსნით საიდუმლო გრიფს სააპელაციო საჩივრის არასაიდუმლო ნაწილზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს მას", - ამბობენ პროკურატურაში.

ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო, დღეს დილით ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. აღნიშნული პროკურატურამ გაასაჩივრა. დაცვის მხარე მოითხოვს, საჩივარს გრიფი მოეხსნას, რადგან, ადვოკატის მოსაზრებით, ეს პროკურატურის მანიპულაცია და იარაღია, დაფაროს უკანონობა.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები