ე.წ. კაბელების საქმე

ადვოკატი: ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო

სოსო ბარათაშვილი
პორტალი "კვირა"

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. აღნიშნული პროკურატურამ გაასაჩივრა. დაცვის მხარე მოითხოვს, საჩივარს გრიფი მოეხსნას, რადგან ადვოკატის მოსაზრებით, ეს პროკურატურის მანიპულაცია და იარაღია, დაფაროს უკანონობა.

"გუშინ დღის მეორე ნახევარში მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით ამ საჩივარს. პროკურატურამ თავისივე საჩივარს დაადო საიდუმლო გრიფი. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები. რომელშიც პროკურატურა ცდილობს, რომ თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი. გარდა ამისა, რაც ყველაზე ცუდია, სავარაუდოდ, შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც იყოს საიდუმლო გრიფდადებული მომავალში.

პროკურატურას გამოუთხოვია წერილები კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ექსპერტიზის ერონული ბიუროს ექსპერტს შეეძლო საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის დამოუკიდებლად გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისათვის. ამ შემთხვევაში, კომპანია დელტაკომისათვის, რომელსაც ჰქონდა დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. იმ პერიოდში მოქმედი კანონის მეოცე და ოცდამეერთე მუხლები გარკვევით და მკაფიოდ ამბობდა იმას, რომ საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს ანუ მოცემულ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში. ამგვარი თანხმობა არ არსებობს. ისინი მიუთითებენ მთავრობის 305-ე დადგენილებაზე, რომელიც ეხება საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვებას და არა საიდუმლო დოკუმენტების გადაცემას. ასე რომ ყოფილიყო, პროკურატურას თვითონ უნდა გადაეწყვიტა თავის დროზე, რომ ადვოკატები დაეშვა საიდუმლო დოკუმენტაციასთან და არ უნდა გადავემისამართებინეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. ეს არის სრულიად ნათელი და მარტივი საკითხი. ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურაც,

მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით თვითონვე მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც დაედო საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას, მეორე - ექსპერტმა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის უხეში დარღვევით საიდუმლო დოკუმენტი გადაუგზავნა მესამე პირს, და მესამე - ექსპერტმა ინფორმაცია, რომელიც იქნა მის მიერ მოპოვებული და რომელიც დაუდო საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას, არ დაურთო ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისად, ჩვენი მხარისათვის უცნობია დღემდე, რას დაეყრდნო ექსპერტი.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ დაუშვებლად სცნო ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები, არის აბსოლუტურად კანონიერი, და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ნათელი და სპეციალისტები და იურისტები არ გაეცნონ ამ დასკვნას და არ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, დაადო საიდუმლო გრიფი პროკურატურამ თავისივე განჩინებას.

ჩვენი მოთხოვნაა კატეგორიული, რომ სასწრაფოდ მოეხსნას გრიფი, რადგან ეს არის მხოლოდ იარაღი და მანიპულირება პროკურატურისა, რომ დაფარონ მათი უკანონობა", - თქვა ბარათაშვილმა.

კომენტარები