ანტიკრიზისული წინადადებების პაკეტი

ენმ-მ დამატებითი ანტიკრიზისული წინადადებების პაკეტი შეიმუშავა

primetimenews.ge

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დოკუმენტის "36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის" საფუძველზე, შეიმუშავა დამატებითი წინადადებების პაკეტი "ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ნაბიჯები". ენმ-ის ინფორმაციით, 10 ივნისს პარტია გეგმავს არსებული პროგრამის ექსპერტებთან განხილვას მისი შემდგომი დახვეწის მიზნით, რის შემდეგაც ის წარედგინება ბიზნესსექტორს და ფართო აუდიტორიას.

"ხელისუფლებაში მოსვლის 2.5 წელიწადის თავზე სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი. ქვეყანა არაფორმალურად, კულისებიდან იმართება.

აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.

2015 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დოკუმენტის "36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის" საფუძველზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა დამატებითი და სიღრმისეული წინადადებების პაკეტი "ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ნაბიჯები", რომლის განხილვასაც ენმ ექსპერტებთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ წრეებთან აპირებს.

პაკეტის მთავარი პრინციპებია:

- დავწიოთ გადასახადები! დავასაქმოთ ხალხი!

- ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები რეგულაციები! მეტი მიზნობრივი დახმარება ხალხს!

- 1.4 მილიარდით მეტი თანხა წელიწადში ხალხს განსაკარგავად - 1.4 მილიარდით ნაკლები ბიუროკრატიას.

გარდა "36 ნაბიჯი"-ს დოკუმენტში წარმოდგენილი პრინციპებისა, ახალი წინადადებების პაკეტი ითვალისწინებს:

- ბიუროკრატიის რაოდენობისა და მასზე დანახარჯების (მათ შორის პრემიების, ფუფუნების საგნებზე ხარჯების) შემცირების შედეგად, სახელმწიფო ხარჯების 1.3 მილიონი ლარით შემცირებას;

- მოგების გადასახადის გაუქმებას და მისი გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც ბიზნესსსექტორს მოეხსენება საგადასახადო ორგანოებთან დღეს არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი;

- იმ ბიზნესრეგულაციების გაუქმებას, რომელთა აუცილებლობის დასაბუთებას გონივრულ ვადაში შესაბამისი უწყება ვერ შეძლებს;

- ბიზნეს რეგულაციის ყოველ 5 წელიწადში განახლება - წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატური გაუქმება;

- საყოველთაო ჯანდაცვის მოდელის მოდერნიზაციას მისი მდგრადობის უზრუნველყოფისა და ბენეფიციარებისთვის სარგებელის გაზრდის მიზნით. ეს გულისხმობს დღეს არსებული, წელიწადში 96-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის ცვლილებას:

1200000 გაჭირვებული პირი მიიღებს დაზღვევის საუკეთესო პაკეტს (216 ლარი/წელიწადში);

500000 შედარებით ნაკლებად გაჭირვებული პირი მიიღებს სტანდარტული პაკეტს (180 ლ/წ);

500000 საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე შეზღუდულ პაკეტს (120 ლ/წ);

1300000 მოქალაქე დაზღვეული იქნება გადაუდებელი სამედიცინო ხარჯებისაგან (70,000 ლარამდე წელიწადში);

- სოფლის მეურნეობის პროგრამებში ბიუროკრატიის შემცირებას და სოფლის მაცხოვრებლამდე რეალურ ფულად დახმარების მიტანას", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები