საპატრულო პოლიციის ჯარიმები

IDFI: 2014-ში პატრულის მიერ დაჯარიმებულთა რიცხვი 2012-თან შედარებით 2-ჯერ მეტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 2014 წელს სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. დაჯარიმებულთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს და დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

IDFI-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა და ინსტიტუტს აცნობა მხოლოდ დაჯარიმებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

"შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეოსაშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს, ხოლო 2012 წელს 140 432-ს.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, 2013 წლის მიწურულს საგზაო წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების შემცირების ფონზე 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა რაოდენობამ იმატა, ამასთან გაზრდილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ვიდეოჯარიმების შემთხვევები.

აღნიშნულის განმაპირობებელ ფაქტორს ერთი მხრივ შესაძლებელია, წარმოადგენდეს, სანქციების გამარტივების ფონზე მოქალაქეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ფაქტების გახშირება, ხოლო მეორე მხრივ, საპატრულო პოლიციის მუშაობის გააქტიურება.

რაც შეეხება 2012 წელთან შედარებით 2013-2014 წლებში დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის გაორმაგებას, აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია", - წერს IDFI.

კომენტარები