საქართველოს ეროვნული ბანკი

სადიკოვი: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა საქართველოს დააზარალებს

bpn.ge

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. სადიკოვი წერს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. რადგან ეს მათი მანდატი არ არის. 

სადიკოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდამ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობას.

"ხსენებული უწყების დამოუკიდებლობის პრინციპის ხელყოფა შეასუსტებს მის ფუნქციონირებას, დააზიანებს მისი ფულად-საკრედიტო და ფინანსურ სექტორში განხორციელებული პოლიტიკის სანდოობას, შეარყევს ინვესტორთა რწმენას.ხელისუფლება გამუდმებით გვიდასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ნაკისრი ვალდებულების ერთგული რჩება. ამან საშუალება მოგვცა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების პროგრამებით და ბოლო პერიოდში მისთვის სარეზერვო დაფინანსების მექანიზმი დაგვემტკიცებინა 2014 წლის ივლისში." - წერს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

სადიკოვის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში გაკეთებულ შეთავაზებაზე ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ცვლილება რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

"ჩვენი რეკომენდაციაა ჯეროვანი კონსულტაციები გაიმართოს ამ ეტაპზე ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად განხორციელდება ცვლილებები ცენტრალური ბანკის შესახებ კანონში, მისი დამოუკიდებლობა დაცული უნდა იქნეს და უზრუნველყოფილი იყოს მისი მართვა და ფუნქციონირება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას ამ სფეროში." - წერს სადიკოვი.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ივანიშვილმა ეს თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და მთხოვა პირად შეხვედრაში და ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ამ დროს ქართუ ბანკი.. და იცოდნენ მათაც, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არ არის - "ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ, აპატიოთ". მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია, ეს გავაკეთო და მართლაც, პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, გიორგი ქადაგიძესაც შვხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერც ერთნაირად ხელს ვერ დავაფარებდი. როგორც ჩანს, მას აქვს კიდევ დარღვევები. თუმცა, ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ივანიშვილმა

 

კომენტარები