საჯარო ფინანსები

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მოგების გადასახადის გაუქმებას მხარს უჭერს

iStockPhoto

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU) მიესალმება ინიციატივას მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მისი განხორციელება ადეკვატურ დროში მოხერხდება. TPU-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილება ქვეყანაში ბიზნესაქტივობის ზრდას ხელს შეუწყობს. 

TPU-ს განცხადებაში საუბარი მოგების გადასახადის ეტაპობრივ გაუქმებას შეეხება, რაც ამ გადასახადის ერთიანი განულებით მიღებულ კლებას დააბალანსებს. გამოითქვა შიში იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად ასეულობით მილიონი ლარი დააკლდება, რაც დარტყმა იქნება ფისკალური სისტემისთვის. მოგების გადასახადის ერთბაშად განულება, სავარაუდოდ, მართლაც გამოიწვევს დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისს, ამიტომ, გადასახადის გადამხდელთა კავშირი გამოდის ინიციატივით, მოგების გადასახადი ეტაპობრივად შემცირდეს მის საბოლოო გაუქმებამდე, შემდეგი სქემის მიხედვით:

ამჟამად: მოგების გადასახადი -15%, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი -5%

1 ეტაპი: მოგების გადასახადი -10%, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი -10%

2 ეტაპი: მოგების გადასახადი -5%, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი -15%

3 ეტაპი: მოგების გადასახადი -0%, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი -20%

TPU ამ ცვლილების აუცილებლობას ბიზნესაქტივობის ზრდის მოტივით ხსნის, რაც კერძო სექტორის გაფართოებისა და კაპიტალიზაციის ზრდის საშუალებას მისცემს, რაც, თავის მხრივ, საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს სხვა გადასახადებისგან. 

TPU-ს განცხადებაში ნათქვამია - "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს არა ესტონურ მოდელს, რომელიც მოგების გადასახადის აბსოლუტურ გაუქმებას გულისხმობს, არამედ მხოლოდ რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას. ეს კი, თავის მხრივ, გაართულებს და გააძვირებს საგადასახადო ადმინისტრირებას, ვინაიდან სადავო საკითხებს დაემატება კიდევ ერთი, რეინვესტირების განსაზღვრის წესები. შედეგად, ეს ცვლილება შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს და გაზარდოს კორუფციის რისკები. ამიტომ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს აქცენტი მხოლოდ ესტონურ მოდელზე გაკეთდეს, რომელიც ყველაზე მარტივ და ეფექტიან გზას გვთავაზობს".

TPU-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კავშირი მხარს უჭერს გადასახადების შემცირების ყველანაირ ფორმას, თუმცა რეფორმის პროცესში აუცილებელია ყველა ვარიანტის განხილვა და მათ შორის ოპტიმალურის არჩევა. ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

კომენტარები