მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება უკრაინის სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

"კონსტიტუციის 106 მუხლის 26 პუნქტისა და უკრაინის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: უკრაინის მოქალაქედ მიღებულ იქნეს მიხეილ სააკაშვილი, დაბადებული 1967 წელს, მცხოვრები ქალაქ კიევში" - აღნიშნულია დოკუმენტში.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას გამოეხმაურა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

"პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია, მხოლოდ ეწეოდეს საქართველოს მოქალაქე. უცხოელს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, მან თუ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას", - თქვა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დღეს წარადგინეს.

კომენტარები