მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომლითაც მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდება. როგორც ლიბერალისთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტის მიხედვით, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. გოგა ხაჩიძის ცნობით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და მისი განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“. აღნიშნული დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა.

ხაჩიძის ინიციატივითვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ასევე, ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიარებულია, რომ აღნიშნული ქმედების ჩადენა არაა სისხლისსამართლებრივად საშიში პირველი ჩადენის შემთხვევაში. თუ კანონმდებლობა აღიარებს, რომ რაიმე ქმედება პირველი ჩადენის შემთხვევაში არაა საშიში და მისი ჩადენისთვის პირის მიმართ არ უნდა განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაშინ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაც არ უნდა იყოს საშიში. თუ ქმედება საშიშია, იგი საშიშია პირველად ჩადენის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი)  მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - წერია ლიბერალის ცნობით, განმარტებით ბარათში.

კომენტარები