Noble Partner 2015

ხიდაშელი: ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები რეგულარული ხასიათის იქნება

ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები რეგულარულ ხასიათს მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, ღირსეული პარტნიორის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, შესაბამისი პირობა დღეს ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრისას მიიღო. „დღეს და გუშინ გვქონდა შეხვედრები გენერალთან, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი და ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერი იყო ამ პროექტის, ვისი საკმაოდ დიდი მეცადინეობითაც გახდა შესაძლებელი ღირსეული პარტნიორობა. ჩვენ მივიღეთ დაპირება, აბსოლუტურად უპირობო, რომ ეს წვრთნები გაგრძელდება და რეგულარული ხასიათის იქნება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმთ, ბევრი ახალი ინიციატივა და იდეა აქვს როგორც ამერიკულ, ისე ქართულ მხარეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ქართულ-ამერიკული მანევრები ღირსეული პარტნიორი 2015 დღეს საჩვენებელი წვრთნით დასრულდა.

ღირსეული პარტნიორი 2015-ში 600 ქართველი და ამერიკელო სამხედრო მონაწილეობდა. მანევრების მიზანი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შემავალი ქართული ასეულის მომზადებაა. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, პირველად საქართველოში ევროპიდან შავი ზღვის გავლით ამერიკული სამხედრო ტექნიკა - 14 ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჩამოვიდა. მანევრებში 300 ამერიკელი მედესანტე და ქვეითი მონაწილეობდა. მანევრებზე თეორიულ და საცეცხლე მომზადებას და ტაქტიკურ სწავლებებს ითვალისწინებდა.

კომენტარები