საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია

agenda.ge

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო საქონლიდან ექვსის ექსპორტის მოცულობა შემცირებულია: ავტომობილების (62%-ით), ფეროშენადნობების (28%-ით), აზოტოვანი სასუქების (36%-ით), ალკოჰოლური სასმელების (61%-ით), მინერალური წყლებისა (37%-ით) და უალკოჰოლო სასმელების (53%-ით). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

2015 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $688 მილიონი შეადგინა, რაც გასულ წელს არსებულ $932 მილიონთან შედარებით 26%-ით ნაკლებია. 

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ხუთში: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთსა და იტალიაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა შემცირებულია. რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. აზერბაიჯანში კი ექსპორტის შემცირება აზერბაიჯანული მხრიდან ახალი რეგულაციების დაწესებამ გამოიწვია. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის 62%-იანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.

ექსპორტის 26%-ით შემცირების მიუხედავად, ზოგიერთი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაიზარდა. განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 60%-ით წელს თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა. ასევე 43%-ით გაზრდილია საქართველოში დამზადებული ფარმაცევტული საქონლის ექსპორტი. 

იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რის გამოც იმპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა. მცირედი შემცირების მიუხედავად, საქართველოს იმპორტმა წელს $1.6 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოდან იმპორტის შესყიდვის დაფინანსებისთვის $1.6 მილიარდი გავიდა. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება, რასაც ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითი ეფექტი ექნება.

კომენტარები