თბილისის მერია

შოშიაშვილი: ნარმანია ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნას ითხოვს

თბილისის საკრებულო

თბილისის მერს, სავარაუდოდ, ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. ამის შესახებ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.

შოშიაშვილის თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ. შოშიაშვილის განცხადებით, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.

შოშიაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის სტრუქტურები 353 საშტატო ერთეულით გაიზარდა და დღეისთვის 3770-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, გაზრდილი შტატებისთვის ბიუჯეტიდან თვეში, პრემიების გარდა, 500 000 ლარი იხარჯება.

"უკიდეგანოდ ხდება ქართული ოცნების აქტივისტების დაკავება. რაც იყო, ის აღარ არის საკმარისი. დედაქალაქის მერია ქართული ოცნების შტაბად იქცა", - აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, თანამდებობებს არაკომპეტენტური პირები იკავებენ. ასეულობით ახალი ადგილის შექმნით თბილისის მერია თბილისელების ხარჯზე ქმნის სამუშაო ადგილებს. შოშიაშვილი აცხადებს, რომ ეს ამორალურია და საკითხს საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ. მისივე განმარტებით, საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები