ინტერვიუ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორ ლორა თორნტონთან.
- ბოლო კვლევა ცხადყოფს, რომ პრორუსული პარტიების მხარდაჭერა მცირდება, თუმცა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობაა გაზრდილი. როგორ ახსნიდით ამას?
ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით კითხვა დასმული იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერასთან ერთად. ამის გამო ადამიანები შეიძლება, მარტივად დაბნეულიყვნენ, რადგან ქართულ ენაში ეს სიტყვები ერთმანეთს ჰგავს. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩემთვის უფრო საინტერესოა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დასმული ის კითხვები, რომლებიც სარგებელს ეხება. მოსახლეობის დაახლოებით 68% უჭერს მხარს ასოცირების ხელშეკრულებასა და ჩრდილოტლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ამ პროცესიდან საქართველოსთვის სარგებელს მხოლოდ 49% ხედავს, მაშინ როცა იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სარგებელს ვერ ხედავენ. ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღება სწორედ მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას უნდა დავუთმოთ - რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რა სარგებელი შეიძლება, ქვეყანამ მიიღოს და რას უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ მოსახლეობას უკეთ უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს ორგანიზაციები და ამ 31%-ზე არ უნდა ვფოკუსირდეთ.
- საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს - რას ნიშნავს ეს? როგორ მოხდა, რომ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიმხრო იმედგაცრუებული ამომრჩევლები ?
გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს გამოღვიძების სიგნალია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გამოკითხვამ რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ სთავაზობს გამოსავლის კონკრეტულ გზებს მოსახლეობას. ამ გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობისთვის ეკონომიკაა მნიშვნელოვანი, ისინი ფიქრობენ საკუთარ ოჯახებზე, მათთვის პრობლემაა უმუშევრობა. თუ პარტიები უფრო მეტს ისაუბრებენ ამ პრობლემებზე, ვფიქრობ, შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს. ვფიქრობ, რომ პარტიები არ ლაპარაკობენ საკმარისს იმაზე, რაც მოსახლეობას ადარდებს. ხშირად სხვა საკითხები ფარავს ამ თემებს.
- შეგიძლიათ, აღწეროთ საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთა პორტრეტები - ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატებისა და პრორუსული პარტიების მომხრეებს ვგულისხმობ.
ეს რთულია საქართველოში. სხვა ქვეყნებში ძალიან მარტივი დასანახია გეოგრაფიული და დემოგრაფიული სხვაობები პარტიების მხარდამჭერებს შორის. საქართველოში ასე არაა. ზოგადად, ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ქალებისა და მამაკაცების შეხედულებები პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოდნავადაც კი არ განსხვავდება ერთმანეთისგან. კი, კროსტაბულაციები გვიჩვენებს, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლები უფრო 56-დან ზემოთ ასაკისკენ იხრებიან, ნაციონალური მოძრაობა კი უფრო უმცირესობებში იმხრობს ამომრჩევლებს, მაგრამ ასაკი, სქესი, გეოგრაფია ძალიან ერთნაირია. ეს ძალიან ართულებს, რომ პარტიებს სამიზნე ჯგუფის განსაზღვრაში დავეხმაროთ.
- რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ იმავე მთავრობას გამოუცხადა ნდობა, მაშინ როცა კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩევლები მთავრობით იმედგაცრუებული არიან - რა ტიპის სიგნალი იქნება ეს ამომრჩევლებისთვის ?
პირველი შემთხვევაა, როცა უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო, ვიდრე კმაყოფილი იმ გზით, რითიც მთავრობა მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ფიქრობს. ეს კითხვა საპარლამენტო ოპოზიციის მიმართულებითაც დავსვით და აქაც დაახლოებით იგივე შედეგია. აქ კვლავ იმ ადამიანებს უნდა დავუბრუნდეთ, ვინც არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე - ვერც მთავრობა და ვერც ოპოზიცია ვერ სთავაზობს ადამიანებს გზებს, რასაც მხარს დაუჭერენ. ეს შესაძლებლობაა ყველასათვის, წელიწადნახევარია დარჩენილი შემდეგ არჩევნებამდე, ყველა პარტიას შეუძლია, მოიგოს - პარტიას, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის გზებს შესთავაზებს ხალხს; რომელსაც ხალხთან უკეთესი კომუნიკაცია ექნება - იმიტომ, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რაც დავინახეთ, კომუნიკაციის ნაკლებობაა. პარლამენტის წევრები არ ესაუბრებიან მოსახლეობას საკმარისად, ადამიანებს კი ეს კომუნიკაცია სურთ. თუმცა, ნეგატიურის გარდა, პოზიტიურის დანახვაც შეგვიძლია - წინ წელიწადნახევარია, სიტუაციის შეტრიალება ყველას შეუძლია, ეს ყველა პარტიისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
- და ბოლოს, რატომ არ გაზომეთ ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, სწორედ ის მართავს ქვეყანას ?
გავზომეთ, ოღონდ სხვა გზით - ვიფიქრეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა კითხვები არაფორმალური მმართველობის შესახებ. ვიკითხეთ, არის თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, რას ფიქრობს ხალხი ამაზე. ვნახეთ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი კვლავ გადაწყვეტილებების მიმღები პირია. ამის შემდეგ ჩვენ ვიკითხეთ, უნდა იყოს თუ არა ეს ასე, უნდა განაგრძოს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილებების მიღება - ოფიციალური სტატუსით თუ არაოფიციალურად. ვფიქრობ, რომ ეს კითხვები უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. როგორც ვნახეთ, მოსახლეობის უმეტესობას არ სურს, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს ან უნდათ, რომ იყოს გადაწყვეტილებების მიმღები, ოღონდ ოფიციალური სტატუსით. ძალიან მცირე ნაწილი უჭერს მხარს სტატუს-კვოს.





