20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 2017

2017 წელს საქართველო რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

worldrugby.com

საქართველო 2017 წელს რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ეს ინფორმაცია მსოფლიო რაგბიმ დღეს, 14 მაისს გაავრცელა.

მსოფლიო რაგბის (რომელსაც აქამდე რაგბის საერთაშორისო საბჭოს სახელით ვიცნობდით) ცნობით, ორ წელიწადში მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

"მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას ტურნირის მასპინძლობაში მათი წვლილისთვის. მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები შესანიშნავ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას 2017-ში, უნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით ქვეყანაში, რომელიც თავს იწონებს ასეთი მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობით", - განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ.

კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ.

"ეს ტურნირი ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ რაგბის განვითარებისთვის შესანიშნავი გზაა და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენზე შეჩერდა არჩევანი. ეს დადასტურებაა იმ დონის, რასაც ქართულმა რაგბიმ მიაღწია და აჩვენებს, თუ რა გაკეთდა რაგბის განსავითარებლად აქ. ტურნირი განამტკიცებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და იმედია, ბევრ ადამიანს მოიზიდავს საქართველოში, რათა დააგემოვნონ ჩვენი მდიდარი კულტურა და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

კომენტარები