სავიზო რეგულაციები

პარლამენტმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რვა თვის წინ გამკაცრებული სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების გამარტივებას ისახავს მიზნად. კანონპროექტი ვიზების ელექტრონულად გაცემას, ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის ვადის გაგრძელებას და უვიზოდ შემოსვლის დამატებით შესაძლებლობას ითვალისწინებს. უძრავი ქონების ფლობა კი, ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი ხდება.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, რომელშიც ის ქვეყნები იქნება ჩამოთვლილი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში 360 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ დარჩენას. მთავრობამ ეს სია საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან 30 დღეში უნდა შეადგინოს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობას იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც იმ ქვეყნებში, რომელთა ჩამონათვალსაც მთავრობა განსაზღვრავს, ბინადრობის ნებართვა ან ვიზა გააჩნიათ.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით შესაძლებელი ხდება ახალი კატეგორიის ბინადრობის ნებართვის - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ასევე ვიზის შემოღება, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების ფლობასთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, თუ უცხოელი საქართველოში ფლობს ან შეიძენს უძრავ ნივთს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა, რომლის ღირებულებაც აღემატება 35 000 აშშ-დოლარს, მასზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა 1 წლის ვადით გაიცემა, მისი შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამ კატეგორიის ბინადრობის მოწმობის მოქმედება მაშინვე შეწყდება, როგორი კი მისი მფლობელი თავის უძრავ ქონებას გაყიდის.

პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

სავიზო და ბინადრობის ახალი წესები საქართველოში გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. მოქმედი კანონით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა. ვიზების აღება კი მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია შესაძლებელი. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს მარტში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა, თუმცა გიორგი კანდელაკის ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით, მთავრობამ მის მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების ნაწილის გამარტივება თავადაც გადაწყვიტა.

კომენტარები