ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენენ. დაცვის მხარე ითხოვს, სასამართლომ დასაშვებად არ ცნოს ბრალდების მხარის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ასევე, ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაკავებულების გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. წინასასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

"ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებების დაუშვებლობას. ეს არის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარუდგინეს. ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება იმ დოკუმენტებს, რომელიც საქმეში არ არსებობს საერთოდ - არც ბრალდების მხარეს აქვს, არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს. ამიტომ, გაუგებარია, როგორ წარმოადგინეს და როგორ შედგა საერთოდ ასეთი ექსპერტიზა", - აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის თქმით კი, "დღეს ჩვენ სასამართლოს შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული დაცვის მხარის შუამდგომლობა. პოზიციას რაც შეეხება, პოზიცია არის იმ არგუმენტების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება კანონს და მტკიცებულებებს. ვფიქრობთ, რომ კანონი და მტკიცებულებები გახდება მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და მიგვაჩნია, რომ სასამართლო ამ შუამდგომლობას არ გაიზიარებს".

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები