საქართველოს პარლამენტი

ხმალაძე: გიგლა აგულაშვილს პარლამენტში თემურ ნერგაძე ჩაანაცვლებს

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, დეპუტატ გიგლა აგულაშვილს რესპუბლიკური პარტიის წევრი თემურ ნერგაძე ჩაანაცვლებს.

"გიგლა აგულაშვილის ნაცვლად, რიგით უწევს თემურ ნერგაძე. ქალბატონი თინა კი, მოგეხსენებათ, მაჟორიტარი დეპუტატია საგარეჯოდან, ამიტომ, იქ შემოდგომით გაიმართება შუალედური არჩევნები. მანამდე, ეს ადგილი იქნება ვაკანტური", - თქვა ხმალაძემ.

რესპუბლიკელი თემურ ნერგაძე 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, 1998-2002 წლებში სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებული და მთავარი სპეციალისტი. ნერგაძე 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრი (2005-2008).
 
ის ასევე არის საქართველოს სახალხო ფრონტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012 წლიდან თემური ნერგაძე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
 

საქართველოს პარლამენტის წევრები - თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატებად დღეს წარადგინა.

კომენტარები