საქართველო-რუსეთი

პრორუსული განწყობები საქართველოში - მიმოხილვა

საზოგადოებაში გამოკვეთილია პრორუსულად/ანტიდასავლურად განწყობილი სეგმენტი. თუმცა, ამავე დროს, პრორუსული/ანტიდასავლური პოლიტიკური ძალების გავლენის ზრდა ქვეყანაში არ შეინიშნება. ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში არსებულ პრორუსულ განწყობებს ეძღვნება.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკუმა ინსტიტუტმა (IRI), მარტის ბოლოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად, კვლევაში მოქალაქეთა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისადმი, ასევე რუსეთისადმი დამოკიდებულებაც მოხვდა.

გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, ხოლო 15% წინააღმდეგია. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ამას კვლევაში მონაწილეთა 85% მხარს უჭერს, წინააღმდეგი კი 9 პროცენტია.

მართალია, გამოკითხულთა 76% რუსეთ საფრთხედ მიჩნევს, მაგრამ, 18 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოს „პარტნიორია". 5% კი რუსეთთან არსებული ურთიერთობით კმაყოფილია.

თუ ამ შედეგებს იგივე IRI-ს ორი წლის წინანდელ, 2013 წლის მარტში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს შევადარებთ, NATO-ში წევრობის მხარდამჭერთა რიცხვმა დიდად არა, თუმცა მაინც იკლო. მაშინ ალიანსში გაწევრიანებას სრულად ან ნაწილობრივი მხარს 82 პროცენტი უჭერდა. ხოლო მოწინააღმდეგეთა რიცხვი ორ წელიწადში გაიზარა - 11-დან 15 პროცენტამდე.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 2013-2014 წლებში ასევე რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარა, რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად რესპონდენტების ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და პრორუსული ევრაზიული კავშირის მიმართ დამოკიდებულებით დაინტერესდა.

მართალია, NDI-ს გამოკითხვებშიც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია, თუმცა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა ზრდის მკაფიო ტენდენციით ხასიათდებოდა.

კერძოდ, თუ 2013 წლის დეკემბერში საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 11 პროცენტი უჭერდა მხარს, 2014 წლის მაისში - 16 პროცენტი, ხოლო 2014 წლის აგვისტოში - უკვე 20 პროცენტი.

მარტის თვეში IRI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიც გამოქვეყნა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. დეკლარირებულად პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატებს, ჯამში მხარს 24 პროცენტი უჭერს (14% და 10% ).

საყურადღებოა ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალის - ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის, ასევე ფარულად ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციის - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რეიტინგები. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამ ძალებს გამოკითხულთა ხუთ-ხუთი პროცენტი დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 6 პროცენტი ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, რომელიც საგარეო პოლიტიკაში „ნეიტრალიტეტის" მომხრეა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაშინდელმა ერთადერთმა პროდასავლურმა ოპოზიციამ - ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 22% მიიღო. პრორუსულმა ბურჯანაძის პარტიამ კი მაშინ საქართველოს მასშტაბით 10 პროცენტი მიიღო, პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი თითქმის 13 % მოიპოვა.

ამ არჩევნებზე შედგა დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დებიუტი, რომლის მერობის კანდიდატმა ინაშვილმა ხმების 5%-ზე მეტი მიიღო, თავად ალიანსმა კი საქართველოში ხმების 5 პროცენტაე ოდნავ ნაკლები მოიპოვა.

ბურჯანაძის პარტიამ 2014 წელს ფაქტობრივად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი - 10 პროცენტი, გაიმეორა.

ფაქტობრივად, გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში პრორუსული ძალების და პრორუსული პროპაგანდის მკვეთრად გააქტიურებამ ქვეყნის მოსახლეობის განწყობაზე NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ჯერჯერობით დიდი გავლენა ვერ მოახდინა – ცვლილებები ფაქტობრივად დასაშვები ცდომილების ზღვარზეა. თუმცა, აშკარაა შემაშფოთებელი ტენდენციებიც, პირველ რიგში ევრაზიული კავშირის მომხრეთა ზრდის სახით.

გამოკითხვები მოწმობს, რომ საზოგადოებაში გამოკვეთილია პრორუსულად/ანტიდასავლურად განწყობილი სეგმენტი, რომელიც 20 პროცენტს აღწევს. ეს გამოკითხულთა ის კატეგორიაა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობით კმაყოფილია, მას საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ამავე დროს, პრორუსული/ანტიდასავლური პოლიტიკური ძალების გავლენის ზრდა ქვეყანაში არ შეინიშნება. ბოლო გამოკითხვის თანახმად, შარშანდელი არჩევნების შემდეგ იგივე ბურჯანაძის პარტიის პოპულარობამ დაიკლო. პრორუსული პარტიების მიერ, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ელექტორალური წარმატების მოპოვების და, მით უმეტეს, ხელსუფლებაში მოსვლის შანსები არარეალურად გამოიყურება, აღნიშნულია მიმიხილვაში.

სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი არის არასამთავრობო და არაპოლიტიკური პროექტი. მისი მიზანია ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და გამოქვეყნება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები