სამთავრობო ცვლილებები

მიროტაძე: გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე აგულაშვილის კანდიდატურა განიხილება

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა განიხილება.

"მე ვიცი, რომ განიხილება მისი კანდიდატურა. საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი. რაც შეეხება თვითონ გიგლა აგულაშვილს, მე მას ბევრი წელია ვიცნობ და არამხოლოდ პარლამენტიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანს ახასიათებს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება - (განსაკუთრებით ხელმძღვანელი პირისთვის) მენეჯმენტი და სწორად მართვა იცის კარგად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული მინისტრი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. შესაბამისად, სადაც იქნება ჩვენი საჭიროება, შესაბამისად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას. მე რამდენადაც ვიცი, ბატონი გიგლა არ უნდა იყოს წინააღმდეგი" - თქვა მიროტაძემ.

მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 1 მაისს 10:00 საათზე წარადგენს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, ამ დროისთვის გრძელდება კონსულტაციები კოალიცია ქართული ოცნებასთან.

მთავრობის ხელახალი დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თანამდებობა შვიდმა მინისტრმა დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პრეზიდენტის მიერ მთავრობის წევრობის კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრის ჩასატარებლად 1-კვირიანი ვადა აქვს, თუმცა პროცედურა შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც დასრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტს ნდობა შემჭიდროებულ ვადებში გამოუცხადოს. 

ამასთან, გუშინ პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მთავრობას მხოლოდ ორი ახალი მინისტრი ეყოლება - სპორტის და გარემოს დაცვის სამინისტროებში.

კომენტარები