მიწისძვრა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3000 ადამიანს გადააჭარბა

cbc.ca

ამ დროისათვის დაზუსტებული მონაცემებით ნეპალის მიწისძვრას 3.226 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 6.500-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიწისძვრა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, მან ნგრევა და მსხვერპლი ნეპალის მეზობელ ქვეყნებში - ჩინეთსა და ინდოეთშიც მოჰყვა. 

ნეპალის დედაქალაქში მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩებში მოწყობილ კარვებში გაათენა. კარვებში გაათენეს ღამე კატმანდუს მიწისძვრით დაზიანებული საავადმყოფოს პაციენტებმაც. 

მიწისძვრამ ჰიმალაის მთებში მასიური ზვავებიც გამოიწვია, რომლებმაც მთებში არსებულ დასახლებებს მიაყენეს ზარალი. ამინდის გაუმჯობესების გამო დღეიდან მთებში სამაშველო სამუშაოებიც განახლდა, რომლებიც ზვავებში მოყოლილი ალპინისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას ისახავს მიზნად. 

მიწისძვრამ ნეპალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც მიაყენა ზიანი. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული შვიდი ძეგლიდან ოთხი ბოლომდე დაინგრა, რაც ნეპალის ტურისტულ ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახება. ტურიზმი ნეპალის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს.

კომენტარები