ელექტროენერგიის ტარიფი

კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ნებისმიერ კერძო კომპანიას აქვს უფლება, მარეგულირებელში(სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია მთლიანობაში არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში. კალაძე თვლის, რომ თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი.

"გვსურს, მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა.

ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი.

მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება, განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.

შეგახსენებთ რომ, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთლიანობაში მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში - ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული. ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი", - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

10 სექტემბერს გაირკვევა, გაძვირდება თუ არა თბილისისა და კახეთის გარდა, მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგიის ტარიფი. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ელექტროსადისტრიბუციო კომპანია ენერგო-პრომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. ენერგო-პროს განმარტებით, მათ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, რის გამოც არსებული ტარიფი რეალურ საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა ენერგოპრო ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა არის მათთვის მისაღები. ენერგო-პროს სახელმწიფო 60 მილიონ დოლარსაც ედავება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ტარიფის ზრდას არ უკავშირდება.

სემეკში აცხადებენ, რომ ისინი ენერგო-პროს მოთხოვნას შეისწავლიან, რისთვისაც მათ დაახლოებით ექვსთვიანი ვადა აქვთ. ამასთანავე სემეკში ამბობენ, რომ მათთან ტარიფის კორექტირების მოთხოვნით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და მტკვარი ენერგეტიკამაც შეიტანა განაცხადი.

კომენტარები