ლევან ყიფიანი

ყიფიანი: ჩემ მიმართ ბრალდებები პიროვნული პრობლემებია და არა სახელმწიფოებრივი

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

ლევან ყიფიანი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს თითიდან გამოწოვილს უწოდებს და ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. მინისტრის თქმით, მის მიმართ ბრალდებებს მხოლოდ პიროვნული დაპირისპირების გამო გამოთქვამენ. პარლამენტის სპორტის კომიტეტს ყიფიანის მიმართ პრეტენზია სპორტული მედიცინის ცენტრის აღდგენისა და რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით აქვს. დეპუტატების თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"პრემიერმინისტრთან არანაირი კონსულტაცია ამის შესახებ არ მქონია. მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და თუ კიდევ ერთხელ რამე საკითხი დადგება, საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. უბრალოდ, მგონი ეს ზედმეტი აჟიოტაჟია, ზედმეტი ყურადღების გადატანა ასეთ საკითხებზე არ მიმაჩნია სწორად. არც პიროვნულ დაპირისპირებაში შევდივარ. მინდა დაგარწმუნოთ, ეს არის პიროვნული დაპირისპირებები, პიროვნული პრობლემები და არა სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად", - განაცხადა ყიფიანმა მთავრობის სხდომაზე შესვლამდე.

კომენტარები