საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა

საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ქვეყნის ვიცეპრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს უკვე ეწვია. დღეს საქართველოსა და ბელარუსის პირველი ვიცეპრემიერების კახა კალაძის და მიხაილ მიატლიკოვის ხელმძღვანელობით ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმზე ქართული და ბელარუსული ბიზნესის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გააფორმეს ხელშეკრულებები.

"ქართულ და ბელარუსულ მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება გვსურს, რაც ორივე ქვეყნის კერძო სექტორისთვის იქნება მოგებიანი. დღეისათვის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ბრუნვა მცირეა, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე რამდენიმე წალიწადში მისი გაზრდა მოხდეს", - განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა.

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის თქმით კი, ბელარუსის საბაჟო კავშირის წევრობა ქვეყნებს შორის არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება. კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება არცერთი პარტნიორი ქვეყნისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

დღესვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი თავის ბელარუს კოლეგას ლეონიდ ზაიცას და ბელარუსის მრეწველობის მინისტრს ვიტალი ვოვკს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების საკითხები. მემორანდუმს ხელს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ.

ბელარუსსა და საქართველოს შორის გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ 37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნებს შორის სულ რამდენიმე საქონელზე არსებობს ვაჭრობა. ქართული მხარის მთავარი სავაჭრო საქონელი ალკოჰოლური სასმელებია, ხოლო ბელარუსულ მხარეს საქართველოში ძირითადად ტრაქტორები და მაღალი გამავლობის ავტომობილები შემოჰყავს.

კომენტარები