კორუფცია და ნეპოტიზმი

ენმ ნეპოტიზმის შემთხვევების ამსახველ ინფორმაციას ავრცელებს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გურჯაანში გამგებელმა სამსახური დეიდაშვილს, რძალს, ნათლულს და მეგობრებს დააწყებინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული ჯგუფი ავრცელებს.

ჯგუფის მიერ ორ დღეში შეგროვებული ინფორმაციის ნაწილი ენმ-ს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში წარადგინა. ნადირაშვილი სრული სიის გამოქვეყნებას ხვალ გეგმავს.

ენმ-ს მიერ წარდგენილი სია ასე გამოიყურება:

გამგებელ გივი გიორგაძის დეიდაშვილი, ვანო ქუმსიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. გამგებლის ნათლული, ლალი ხაჩიშვილი, მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე მუშაობს. გივი გიორგაძის მეგობარი, გიორგი იმერლიშვილი, კი ოპოზიციის ინფორმაციით ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. 

ენმ-ს ინფორმაციით, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი გამგებლის რძალი, ირმა გაბუნიაა. ენმ-ს განცხადებით, ზაქარია ანანეიშვილი სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურის უფროსია, მისი ცოლი კი გურჯაანის ნომერ პირველი სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებს. 

აუდიტის სამსახურის უფროსი, თორნიკე წინწალაშვილია. მისი ძმის ცოლი თინათინ გეწაძე კი საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებს. 

დურმიშხან ამისურაშვილი გურჯაანის რაიონის გამგებლის მეგობარია და ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. მისი სიძე კი ვანო შავლიაშვილი სახანძრო სამსახურის უფროსია. სახანძროს უფროსმა კი მისი ნათესავი ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დანიშნა. 

ენმ-ს ინფორმაციით, გურჯაანში ნეპოტიზმთან ერთად კორუფციული გარიგებებიც ხდება, თუმცა ირმა ნადირაშვილს ამასთან დაკავშირებით დღეს არ უსაუბრია.

ნადირაშვილი ვრცელი განცხადების გაკეთებას ხვალ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გეგმავს. 

ნადირაშვილის თქმით, ენმ გურჯაანის რაიონის მსგავსად ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას შეისწავლის და საზოგდაოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. 

 

კომენტარები