ს.კ. ზესტაფონი

სკ. ზესტაფონი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოიხსნა

19 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ერთმანეთს სკ. ზესტაფონი და გორის დილა ხვდებოდნენ. ზესტაფონის ფეხბურთელები მოედანზე სათამაშოდ არ გავიდნენ და, შესაბამისად, შეხვედრა ჩაიშალა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტში სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყვიტეს, რომ ზესტაფონი გათამაშებიდან მოიხსნა. ამასთან, გუნდს სხვა სასჯელებიც დაეკისრა, რომელთა სიაც სრულად, სფფ-ის ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

"სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, ზესტაფონს ჩაეთვალა მარცხი 0:3, დაეკისრა ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა გათამაშებიდან. ასევე, ეროვნული ჩემპიონატის 4.34 პუნქტის თანახმად, ზესტაფონს ყველა დარჩენილ შეხვედრაში ჩაეთვლება წაგება 0:3. იმის გამო, რომ კლუბს უკვე ჩატარებული აქვს ჩემპიონატის შეხვედრების 50 პროცენტზე მეტი, გუნდი ჩემპიონატს დაასრულებს ამ ეტაპზე არსებული ქულებით.

გუნდის თამაშზე გაუსვლელობის ორგანიზებისთვის სასჯელი დაეკისრა ზესტაფონის გენერალურ დირექტორს მიხეილ ხუციშვილსაც. სადისციპლინო კოდექსის 130-ე პუნქტის თანახმად, მას მიეცა ერთწლიანი პირობითი ვადა. ამ პერიოდში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას აეკრძალება ფეხბურთში საქმიანობა", - წერს gff.ge

გადაწყვეტილების სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრება ზესტაფონს შვიდი დღის ვადაში შეუძლია. 


კომენტარები