ქართული პოლიცია

ენმ: რაც უფრო მეტი სოციალური დაცვის გარანტია იქნება პოლიციელისთვის, უკეთესია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომელიც დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ყოველთვიურ ათასლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა იმედოვნებს, რომ ეს ხელს არ შეუშლის მათ მიერ ინიცირებული პროექტის განხილვას და მიღებას. ცნობისთვის, ენმ დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის 100 000-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემას ითხოვს.

"ორი კვირის წინ ჩვენ დავარეგისტრირეთ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს პოლიციელისთვის. ჩვენ ვათანაბრებთ პოლიციელებს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არიან სამშვიდობო ოპერაციებში ან იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის. დღეს მოვისმინეთ, რომ ახალი ინიციატივა კიდევ აქვს მთავრობას, ძალიან კარგია, აუცილებლად ვეცდებით, რომ განვიხილოთ. რაც უფრო მეტი სოციალური დაცვის გარანტია შეიქმნება პოლიციელებისთვის, არის უკეთესი. იმედი მაქვს, ეს ხელს არ შეუშლის ჩვენი ინიციატივის განხილვას და ამ ნაწილში ორივე კანონპროექტი იქნება მიღებული. მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს ყოველთვიურ დახმარებას ათასი ლარის ოდენობით. ჩვენს ინიციატივაში არის ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის იმ თანხებთან დაკავშირებული, რომლის გამოყოფაც არ შეუძლია მთავრობას კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციელებისთვის. დღეს განსაკუთრებით, როცა ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ არის მთავარი ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, საუბარიც არ უნდა იყოს თანხებზე და იმაზე, რომ არ შეიძლება ამის ბიუჯეტში ჩადება", - განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები