შსს

შსს: ტურისტული კომპანიის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს სამინიტრომ აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა.

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით, ტურისტული კომპანია ჯინო თრეველის დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო ს. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ის ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა.  აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარიის, ე.წ. გრინ-ქარდის გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია ჯინო თრეველის დირექტორ ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა გრინ-ქარდის აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია ჯინო თრეველის ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები