პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება. ანდრეს ბერზინშის დროებით რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.ქვეყნების პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის სამიტი იყო. ანდრის ბერზინშმა აღნშნა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მარგველაშვილმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც უკრაინის კრიზისს ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.

"ჩვენი მოთხოვნაა, რომ განსაკუთრებით აღინიშნოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რომ დავეხმაროთ საქართველოს მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. ლატვია აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან. მე ვერ ვისაუბრებ 28 სახელმწიფოს სახელით, მაგრამ ლატვიის პოზიცია ცალსახაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოთ, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოზე" - განაცხადა ანდრეს ბერზინშიმ.

გიორგი მარგველაშვილი ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ლატვიის პარლამენტის სპიკერსაც შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუიუმასთან სამუშაო სადილიც გამართა.

გიორგი მარგველაშვილი ლატვიაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში უმასპინძლა.

კომენტარები