სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პუტინი: რუბლის ვარდნა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ელემენტია

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნისთვის სასარგებლოა. ვლადიმირ პუტინი მოსახლეობისა და ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. კითხვების უმეტესობა რუბლის ვარდნას, ნავთობის ფასების დაცემისა და დასავლური სანქციების გამო გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას ეხებოდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა მაღალი ინფლაცია თავიდან აიცილა და ის 11%-ის დონეზე შეინარჩუნა. რუბლის გაუფასურება კი, მისი აზრით, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის ნაწილია.

"ბოლო წლებში ჩვენთან შრომის ანაზღაურების ზრდა წინ უსწრებდა შრომის ნაყოფიერების ზრდას. სანქციების მიუხედავად, კურსის კორექცია მაინც გარდაუვალი იყო. სინამდვილეში მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ეს სანქციები მხოლოდ დაეხმარა. საჭიროა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უფრო პროფესიული, თანმიმდევრული და დროული კორექტირება. ეს მოხდა და ამაზე რეაქცია ბაზარსაც და ინვესტორებსაც ჰქონდათ. ეს ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ელემენტია და პირობების შექმნა მისი შემდგომი განვითარებისთვის", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ირანისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიწოდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ამით გაეროს მიერ დაწესებული სანქციები არ დაურღვევია. რაც შეეხება ბორის ნემცოვის მკვლელობას, პუტინის აზრით, გამოძიება კარგად მუშაობს, თუმცა ჰყავდა თუ არა მკვლელობას დამკვეთები, ჯერჯერობით არ იცის.

კომენტარები