ახალი ტექნოლოგიები

ევროკომისია: სანქციები Google-ის წინააღმდეგ მომხმარებელთა სასიკეთოდაა

P. Seeger / picture-alliance/dpa/

ევროკავშირი Google-ს კონკურენციის წესების დარღვევაზე ედავება. ევროკომისიის შეფასებით Google-ის Shopping ფუნქცია ინტერნეტ ძებნის იმ წესებს, რომლებსაც ევროკომისია მიიჩნევს ჭეშმარიტად სცდება და კონკურენციის შესახებ ევროპის მოთხოვნებს არღვევს. ევროკომისიის შეფასებით ნებისმიერი სანქცია, რომელიც გუგლს აიძულებს სამართლიან კონკურენციაში ჩაებას, მომხმარებელთა სასიკეთოდ განხორციელდება. 

დღეს გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა მარგარეტ ვესტანგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი Google-ის ქმედებებს ზედმიწევნით აკვირდება და კომპანიას პასუხების მისაღებად 10 კვირიან ვადას აძლევს. 

Google-მა სპეციალური მიმართვით განაცხადა, რომ კომპანია სრულიად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც მის მიერ კონკურენციის წესების დარღვევას შეეხება. 

ევროკომისიას მიაჩნია, რომ Google Shopping-ის ფუნქცია, როდესაც კომპანია პირველ ადგილზე მომხმარებელს იმ პროდუქტს სთავაზობს, რომლის რეკლამირებასაც კომპანია ახდენს ეწინააღმდეგება კონკურენციის დადგენილ წესებს. ევროკომისიას ასევე მიაჩნია, რომ ის მეთოდი რომლითაც Google მომხარებლებს რეკლამებს სთავაზობს მათი ინტერნეტ საქმიანობის კონტროლს მოიცავს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გამოძიება ოპერაციული სისტემა Android-ისა და Google-ის კავშირზეც დაიწყო. ევროკომისიის შეფასებით ამ ოპერაციულ სისტემაში Google-ის ზოგიერთი აპლიკაცია კონკურენციის წესების სავარაუდო დარღვევით ხვდება. 

ევროკომისიამ Google-ის ქმედებების გამოძიება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, რისი მიზეზიც ევროპაში ამ საძიებო სისტემის მაღალი რეიტინგია. ევროკავშირის ტერიტორიაზე 10-დან 9 ინტერნეტ ძიება Google-ით ხდება. ხოლო აშშ-ში Google-ის რეიტინგი შედარებით დაბალია და 68%-ს შეადგენს. თუმცა აღნიშნულ ბაზრებზე Google-ს მაინც აღმატებული საბაზრო ძალაუფლება აქვს. ევროკავშირმა 2014 წელს სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, რომელიც Google-ის დაშლას ითვალისწინებდა. 

ხუთწლიანი გამოძიების შემდეგ ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Google-ს აქვს აღმატებული საბაზრო ძალაუფლება და ის ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით უნდა რეგულირდებოდეს. ევროკომისიაში Google-ის წინააღმდეგ ინფორმაცია ევროპულმა ინტერნეტ საძიებო საიტებმაც წარადგინეს, მათი შეფასებით, Google-ი მათ წინააღმდეგ კონკურენციის პირობებს არღვევდა.

Google-ის დაჯარიმებისთვის ევროკომისია Microsoft-ის საქმის გამოცდილებას იყენებს. 2012 წელს Microsoft-მა ევროკავშირის სასარგებლოდ $1.8 მილიარდი გადაიხადა, რადგანაც ევროკომისიამ ჩათვალა, რომ კომპანია აღმატებულ საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა.

ევროკავშირი Google-ისგან სავარაუდოდ დაახლოებით $6 მილიარდს მოითხოვს, რაც კომპანიის წლიური მოგების დაახლოებით 10%-ია. ჯარიმასთან ერთად შესაძლოა კომპანიის ქმედებების შემზღუდავი ღონისძიებების გატარებაც მოხდეს. 

კომენტარები