აღდგომის დღესასწაული

ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსი: ადამიანმა უნდა მიიღოს იესო პირად მხსნელად

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი
qristiani.ge

საქართველოს სახარების რწმენის, ორმოცდაათიანული ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი სააღდგომო მილოცვას ავრცელებს, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ. ორმოცდაათიანელები საქართველოში აღდგომას ძველი, ხოლო შობას ახალი კალენდარული წესით აღნიშნავენ:

"ყველა ღრმადმორწმუნე ქრისტიანისთვის ვნების კვირა არ არის მხოლოდ რელიგიური წესებით გადატვირთული დღეები. ეს არის ღრმა სულიერი განცდებით აღსავსე კვირა. ეს დღეები ეძღვნება ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას.

მისი იერუსალიმში საზეიმოდ შესვლის შემდეგ, ჯვარცმამდე ვიხსენებთ მის უკანასკნელ საუბრებს, როგორიცაა: უნაყოფო ლეღვის გახმობა – უნაყოფო ლეღვის ხე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოა, რომელსაც არ ასხია მონანიების ღირსი ნაყოფი. ეს სინანულისაკენ გვიბიძგებს.

ასევე სახარებაში ვკითხულობთ იგავს ათ ქალწულზე, ტალანტებზე, ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, რითაც უფალი მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისაკენ.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იესოს სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითს, როდესაც მან ფეხები დაბანა მოწაფეებს და დაგვიტოვა მაგალითი იმის, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ვემსახუროთ ერთმანეთს.

საიდუმლო სერობას – ჯვარს აცვეს სიცოცხლის უფალი. ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე იყო. ადამიანებმა ღმერთის ძეს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მეორე მხრივ ეს იყო ყველაზე ნათელი დღე, ამ დროს მოხდა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა და შერიგება მამასთან.

ქრისტეს ტანჯვა დაგვირგვინდა მისი ბრწყინვალე აღდგომით. ეს არის უდიდესი დღესასწაული. მათ. 28:6-ში ვკითხულობთ მნიშვნელოვან უწყებას: "ის აქ არ არის, რადგან აღდგა". ეს არის მართლაც უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარების.

მაგრამ! არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მისი ჯვარცმისა და აღდგომის მადლი, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება მარტო რელიგიური წესების დაცვით არ მიიღწევა.

ადამიანმა უნდა მიიღოს იესო პირად მხსნელად, მოინანიოს და მის სიტყვას მიუძღვნას თავი.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - ნათქვამია ეპისკოპოს ოლეგი ხუბაშვილის სააღდგომო მილოცვაში.

კომენტარები