კრიმინალი

ივანიშვილი გაგებით მოკიდებაზე: ადრეც ლამაზად ვთქვი და დღესაც ლამაზად განვმარტე

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ტაბულამ ჰკითხა, ახლაც ეტყვის თუ არა მოკლული პოლიციელის ოჯახს, რომ ამნისტიის შემდეგ გაზრდილ კრიმინალს გაგებით მოეკიდოს. ტაბულამ ივანიშვილს თავისი ძველი განცხადება შეახსენა, რომლის მიხედვითაც, მასშტაბურ ამნისტიას გარკვეული დოზით კრიმინალის ზრდა მოჰყვებოდა და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოკიდებოდა. ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი, ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებასა და კონტექსტის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

"ეგეთი რამ, რომ გაზრდილ კრიმინალს მოეკიდეთ გაგებით, მე ვთქვი სხვა კონტექსტში. მე ტაბულაც ძალიან კარგად ვიცი და რუსთავი 2-ც, ეს ორი გახლავთ ძალიან წარმატებული სიცრუის გავრცელებაში და და აჟიტირებაში იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალი იზრდება, საშინელებები და კატასტროფა ხდება. თქვენ კონტექსტიდან ამოჭერით. მე კი არ მოგიწოდეთ, კარგად გიპასუხებთ. როცა ხდება დიდი ამნისტიები, როგოც წესი, მას, ვისაც ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, შეიძლება, განმეორდეს. და, საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამით შეწუხდება და საზოგადოებას მოვუწოდე, რომ იქ არის ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი. შეიძლება, რამდენიმე შემთხვევა იყოს, რომ ამნისტირებულებმა გაიმეორონ ან ჩაიდინონ კრიმინალი თავიდან და ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს. თქვენ გინდათ, რომ თქვენი კითხვა გამოიტანოთ წინ - რომ მე ვთქვი რაღაც საოცრება ადრე, ურჩხული ვიყავი და ისევ ურჩხული ვარ თუ არა დღეს. აი, ეს გინდათ თქვენ, მაგრამ ესე არ არის. მაშინაც ლამაზად ვთქვი და დღესაც ლამაზად განგიმარტეთ, მაგრამ თქვენ გინდათ, თქვენებურად რომ გადააბრუნოთ... 6%-ზე მეტი არ შებრუნებულა უკან. ეს კიდევ ერთჯერ ასაბუთებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, იმ პარტიის ბატონობის დროს, რომელსაც თქვენ დღესაც მხარს უჭერთ ასე გამალებით, უამრავი უდანაშაულო ადამიანი იყო ციხეში, საკუთარ საზოგადოებას საშინლად ებრძოდნენ თქვენი საყვარელი ნაციონალური მოძრაობის წევრები. უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათგან ჩაგრული გათავისუფლდა და თავისუფლება ნახეს და უპრეცედენტოდ ცოტა შებრუნდა უკან. ეს არის კიდევ ერთი სამტკიცი იმისა, რომ ვისაც თქვენ იცავთ, რომ უდანაშაულო არ ჩაუსვამთ თითქოს ციხეში, არის სიცრუე" - უთხრა ივანიშვილმა ტაბულას.

2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მასშტაბურ ამნისტიას გარკვეული დოზით კრიმინალის ზრდა მოჰყვებოდა და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოკიდებოდა.

"რა თქმა უნდა, ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. იქ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმსახურებს ამას, ვიღაცეები გამოგვეპარებიან, ვიღაცეებს უკან შებრუნება მოუწევს, ამისთვის სამართალდამცავი სტრუქტურები არსებობენ. მე მგონი, ეს ჯანსაღი პროცესია, ცივილიზებული პროცესია და საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს, რაღაც უხერხულობებს შექმნის ალბათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები