ჩერნოგორია-რუსეთი

უეფამ ჩერნოგორია ტექნიკური წაგებით, რუსეთი კი ფინანსური ჯარიმით დასაჯა

29 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩში, ჩერნოგორიის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფანების მიერ ნასროლი პეტარდა რუსთა მეკარეს, იგორ აკინფეევს კისერში მოხვდა. ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, სამედიცინო ბრიგადამ კი მოთამაშე საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრტმა დენის აითექინმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მაინც მიიღო გადაწყვეტილება - შეხვედრა გაეგრძელებინა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად მაინც არ დასრულდა. მეორე ტაიმში რუსეთმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც რომან შიროკოვს ჩერნოგორიელთა მეკარემ, პოლეკსიჩმა აუღო. სწორედ მაშინ ატყდა ფეხბურთელებს შორის ჩხუბი, ტრიბუნებიდან კი ფანებმა სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. საბოლოოდ, აითექინმა შეხვედრის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და გუნდები გასახდელისკენ გაისტუმრა.

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა 8 აპრილს, ზემოაღნიშნული ეპიზოდი განიხილა და გადაწყვიტა, რომ მასპინძელი ჩერნოგორიელები ორ საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებენ, რუსეთის ეროვნულ გუნდს კი მათი ფანების არასათანადო მოქცევის გამო 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება თავად შეხვედრის შედეგს, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩერნოგორიელებს 0:3 - ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივარი, რომელმაც იგორ აკინფეევს პეტარდა ესროლა, ჩერნოგორიელმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. 

კომენტარები