ნარმანია საკრებულოში

ნარმანიას გამოსვლის პარალელურად თბილისის საკრებულოსთან 3 აქცია გაიმართა

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას გამოსვლის პარალელურად თბილისის საკრებულოსთან 3 აქცია გაიმართა - აქციების მონაწილეებმა თბილისის მერი შენობაში შეძახილებით შეაცილეს. ცხოველთა უფლებების დამცველები საკრებულოს მიერ მიღებულ ახალ წესს, პარტიზანი მებაღეები ხეების გაჩეხვას, ხოლო სამართლიანი თაობის წევრები მერიაში ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებს აპროტესტებდნენ.

დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში 50 წუთამდე გაგრძელდა - თბილისის მერმა პირველი მიმართვის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკასა და იმ მდგომარეობის აღწერას დაუთმო, რაც მას და მის გუნდს მერიაში დახვდათ - ნარმანიამ ყურადღება არასწორ საბიუჯეტო პოლიტიკასა და ცუდ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა. გამოსვლის მეორე ნაწილი დავით ნარმანიამ იმ პროექტებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც მისი არჩევნების გამარჯვების შემდეგ თბილისის მერიამ წამოიწყო.

დავით ნარმანიას გამოსვლის შემდეგ საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებმა გასული წელი და თბილისის მერის მოხსენება შეაფასეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სევდია უგრეხელიძის თქმით, ის პროექტები, რომლითაც დავით ნარმანია ამაყობს, წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული. უგრეხელიძემ ნარმანია თბილისის მერიაში გაზრდილი შტატებისა და კორუფციის ფაქტების გამოც გააკრიტიკა.

კომენტარები