მკვლელობა სამხრეთ კაროლინაში

აშშ-ში პოლიციელს შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ABC

სამხრეთ კაროლინის შტატში თეთრკანიან პოლიციელს შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამომძიებლები მოწმის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს გაეცნენ, რომელზეც ჩანს, როგორ ესროლა პოლიციელმა მაიკლ სლეჯერმა ზურგში უიარაღო უოლტერ სკოტს. პოლიციელი დაკავებულია.

ინციდენტი 4 აპრილს მოხდა, როდესაც პოლიციამ სკოტის მანქანა უკუსვლის ნათურის გაუმართავობის გამო გააჩერა. სამართალდამცველებთან შელაპარაკების შემდეგ იგი გაქცევას შეეცადა, რის შემდეგაც მას პოლიციელმა ესროლა. სკოტი მანამდე უკვე 10-ჯერ იყო დაპატიმრებული ალიმენტების გადაუხდელობასა და სასამართლოში გამოუცხადებლობისთვის.

გასული წლის აგვისტოში მსგავს შემთხვევას მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში არეულობა და ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა. პოლიციელისთვის, რომელმაც უიარაღო შავკანიანი ახალგაზრდა მოკლა, ბრალი არ წარუდგენიათ. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ფერგიუსონის პოლიციისა და სასამართლოს ქმედებებში რასიზმის ნიშნები აღმოაჩინა.

 

კომენტარები