პოლიციელის გარდაცვალება

კუბლაშვილი: გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახისთვის დახმარება უნდა გაიზარდოს

ტაბულა

პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის ერთჯერადი დახმარება უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის განცხადებით, პოლიციას მთელი სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა ესაჭიროება.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს. კრიმინალმა შეიწირა კიდევ ერთი ღირსული ქართველის სიცოცხლე.

ამ ფაქტმა უნდა დაგავფიქროს პოლიციის ინსტიტუტზე, მისადმი დამოკიდებულებაზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პოლიცის საქმიანობისადმი. როგორც არასდროს პოლიციას დღეს სჭირდება თანადგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან. ამ თანადგომას როგითი პოლიციელები უნდა გრძნობდნენ ყველა ინსტიტუტისგან, თითოეული მოქალაქისგან, იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ თავიანთი უგუნური პოლიტიკით ამ მიმართულებით - არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ, ვგულისხმობ დამოკიდებულებას პოლიციელებისადმი - ძალიან ბევრწილად დააზიანა ეს ინსტიტუტი“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება ოჯახისთვის 15 000 ლარის ნაცვლად, 100 000 გახდეს.

„სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება ოჯახისთვის შეადგენს კანონის თანახმად 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. მაშინ როცა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეებისათვის ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება არის 100 000 (ასი ათასი) ლარი. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის, როგორიც არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, მსგავს შემთხევაში გარდაცვალების შემთხვევაში“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დაკავებული სპეცრაზმელები ციხიდან გამოუშვას და კრიმინალთან მებრძოლი ხალხის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს.

„და კიდევ ერთი, რაც მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ესეთი ქმედებებით ის სულისკვეთება, რომელიც პოლიციელებში იყო და რომელიც უნდა აღვადგინოთ, არ იქნება საკმარისი მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმით ამის გაკეთება. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ გაანთავისუფლონ სპეცნაზელები, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და წინასწარ პატიმრობაში არიან დღეს და შეწყდეს ყოველგვარი ბრძოლა სპეცნაზელების წინააღმდეგ, სამართებლივი დევნა მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალებას, ისინი ებრძოდნენ კრიმინალს ისევე, როგორც ებრძოდა ბექა მარგიშვილი. და სწორედ ამიტომ ამ ადამიანების, სპეცრაზმელების მიმართ სამართლებლივი დევნა არის ის, რაც ყველაზე მეტად აზიანებს დღეს პოლიციას. თუ ხელისუფლებას უნდა გვერდში დაუდგეს პოლიციას და კრიმინალთან მებრძოლ თითოეულ თავის მოსამსახურეს, ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ ეს, შეწყდეს ყოველგვარი დევნა სპეცნაზელების წინააღმდეგ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები