ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატ ლევან სამუშიას ინფორმაციით, ის ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა. 

"ყველა ბრალდებული მზადაა პროცესისთვის. ისინი სასამართლო სხდომას დაესწრებიან", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, თუმცა სამუშია არ აკონკრეტებს, რა მოთხოვნებს დააყენებს სასამართლო პროცესზე. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თანამდებობის პირებს კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავებიან.

დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები