ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ჯანყარაშვილის ადვოკატები კორძაიასგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ

რუსთავი 2

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატები, პაატა სალია და დიმიტრი გაბუნია, მოკლული ბესო ხარძიანის მეგობრის ირაკლი კორძაიასგან ჯანყარაშვილზე გაკეთებული განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ. კერძოდ, იმაზე, რომ ჯანყარაშვილი ხარძიანის საქმის გამოძიებას ხელს უშლიდა, რადგან მას და ხარძიანის ყოფილ ბიზნესპარტნიორ გია უდესიანს საკუთარი ბიზნესინტერესები ამოძრავებდათ. ირაკლი კორძაიამ დაასახელა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც, მისი თქმით, ასევე აყოვნებდა უდესიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს.

იმ შემთხვევაში, თუ კორძაია შესაბამის მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, ადვოკატები ამ ინფორმაციის იმავე საშუალებებით უარყოფას ითხოვენ, რითაც გავრცელდა. ისინი ცილისწამების თაობაზე სასამართლოს მიმართავენ, დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში კი, საქმის არც პროკურატურაში შეტანას გამორიცხავენ. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ეს არის ზვიდ ჯანყარაშვილის სახელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ადვოკატი ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის ნაცნობობასაც არ ადასტურებს.

ირაკლი კორძაია კი დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნებას არ აპირებს. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება სასამართლოში სარჩელის შეტანას.

ბიზნესმენ გია უდესიანისა და პროკურატურის თანამშრომლობაზე საუბრობს ბესო ხარძიანის მეგობარი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უდესიანსა და ხარძიანს შორის კუს ტბის წილებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ბეგიაშვილის თქმით, უდესიანის წარმომადგენლებმა მიზეზად პროკურატურასთან შეთანხმება დაასახელეს და ქონების დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.

ზვიად ჯანყარაშვილი პრემიერმინისტრის მეუღლის მამიდაშვილია, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო. ოფიციალური ვერსიით, მან თანამდებობები პრემიერთან ნათესაობის საკითხზე სპეკულაციების თავიდან აცილების მოტივით დატოვა. რაც შეეხება გია უდესიანს, ის სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.

კომენტარები