ოკუპირებული ტერიტორიები

მარიონეტულმა რეჟიმმა გალში საქართველოს მოქალაქეები აღწერა

მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონის სოფლების მცხოვრებთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმად, პრაქტიკულად ყველა მათგანს საქართველოს მოქალაქეობა აღმოაჩნდა. ამის შესახებ, ეხო კავკაზას ცნობით, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვა გალის რაიონის 18 სოფელში ჩატარდა. მანამდე საქართველოს მოქალაქეთა გამოვლენა აფხაზურ პროკურატურას ჰქონდა დავალებული, თუმცა უწყებამ მხოლოდ 600 ასეთი პიროვნება გამოავლინა, რადგან მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას სოხუმის ხელისუფლებას უმალავდა.

მარიონეტული რეჟიმის ადმინისტრაციის მონაცემებით, სულ 18 070 ადამიანი გამოიკითხა და მათგან 17 372-მა, ანუ 96,1 პროცენტმა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადა. გამოკითხვა გრძელდება ქალაქ გალში, სადაც 7 ათასი მცხოვრებია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რიონში გაცემული 26 ათასი აფხაზური პასპორტი გააუქმა იმ საბაბით, რომ მათ მფლობელებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კი ქართული და აფხაზური „ორმაგი მოქალაქეობა" აკრძალულია. გასული წლის აგვისტოში გამართულ ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებში" გალის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობამ ამის გამო მონაწილება ვეღარ მიიღო. მარიონეტული რეჟიმი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის ნაცვლად „ბინადრობის უფლების" მინიჭებას გეგმავს, რაც, მისი განმარტებით, მათთვის ყველა უფლების შენარჩუნებას გულისხმობს, არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატად დასახელების გარდა.

კომენტარები