ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: დღეს რომ სააკაშვილი ყოფილიყო, უკრაინაზე უარესი ვითარება გვექნებოდა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "სააკაშვილი იოცნებებდა, რომ გაეხსნა რუსეთის ბაზარი, იოცნებებდა უბრალოდ". როგორც პრემიერმა დღევანდელ პრეკონფერენციაზე თქვა, "სააკაშვილს ამის შანსი არ ჰქონდა". 

"სააკაშვილმა დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს მისამართით. შედეგად მივიღეთ "სარგებელი" არაგონივრული და არაკონსტრუქციული პოლიტიკისა, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა, ეს "სარგებელი" არის ის ზარალი და ის ზიანი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიადგა. დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი მთავრობის მეთაური, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე არის უკრაინაში. სწორედ ეს არის ის სარგებელი, რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ მოუტანა საქართველოს და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ მას აინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპელი ლიდერების აზრი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით,

"აშშ-ს, გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს და სხვებს მოსწონთ ჩვენი პრაგმატული, კონსტრუქციული მიდგომა და, რა თქმა უნდა, არავის არ სურს, რომ ხელახლა იხილოს რაიმე კონფლიქტი და ესკალაცია საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები