ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: თოფაძის განცხადებები NATO-ზე არ წარმოადგენს კოალიციის აზრს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის შეხედულება NATO-სთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე აზრით, თოფაძის განცხადებაში "ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია". როგორც პრემიერმინისტრმა ჰოლიდეი ინში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განმარტა, ეს გოგი თოფაძის პირადი შეხედულებაა და არა კოალიციის.

"მრეწველების პარტიამ, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე ხელი მოაწერეს საკანონმდებლო დოკუმენტს და ისინი, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებენ ოფიციალურად ჩვენ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა, ეს იქნება საშინაო პოლიტიკა თუ სხვა. რაც შეეხება ბატონი გოგი თოფაძის განცხადებებს, მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია, ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს თემა, მისი განმარტება, მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და მე არ გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელი, ეს არის ღიად დეკლარირებული, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს სრული კონსენსუსი ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტიანად ამ კურსს და ამ პოლიტიკას. ასე რომ, ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი ეს განცხადება, მაგრამ ამაში რაღაც ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია, ეს არის ბატონი გოგის, როგორც მოქალაქის პირადი შეხედულება და ეს არ წარმოადგენს ჩვენი კოალიციის აზრს ამ საკითხთან მიმართებით. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გოგი და ზოგადად მრეწველების პარტია კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ისინი იზიარებენ სრულად ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას. ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "NATO ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და NATO-სგან ნახეირები ქვეყანა მე არ ვიცი". მანვე აღნიშნა, რომ "კოალიცია ქართული ოცნების პრიორიტეტი და ლაიტმოტივი NATO არ არის". თოფაძის თქმითვე, "მეეჭვება, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტოს, რომ NATO ჩვენი გზაა". ამასთან, მოგვიანებით დეპუტატმა განმარტა, რომ მისი და მრეწველების შეხედულება NATO-ს შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე იცოდა.

კომენტარები