ე.წ. კაბელების საქმე

კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტი პროკურატურის მხრიდან ზეწოლას უარყოფს

facebook.com/OfficialPOG

ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მუშაობდა, უარყოფს თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პროკურატურაში დაიბარეს. მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც მან ე.წ. კაბელების საქმეზე მის მიერვე მომზადებულ დასკვნას ხელი არ მოაწერა არის ის, რომ მან საჯარო სამართლის სამსახუში დაიწყო მსახურობა და კანონმდებლობით არ აქვს სახელშეკრულებო სამუშაოების წარმოების უფლება.

"მე მუშაობა დავიწყე საჯარო სამართლის სამსახურში. ამდენად, კანონმდებლობით, არ მაქვს უფლება ვაწარმოო სახელშეკრულებო სამუშაოები. ამიტომ დავწერე განცხადება. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს დაბარებას, ყოფნას, ეს არის სიცრუე", - თქვა ავთანდილ გუნთაიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ავთანდილ გუმთიაშვილის "გატაცებასა" და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ავთანდილ გუნთაიშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საექსპერტო დასკვნას დაცვის მხარის სურვილით ამზადებდა. თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, 24 მარტს, ღამით ის პროკურატურაში დაიბარეს, რის შემდეგაც მან მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენაზე უარი განაცხადა.

თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურაც გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. 

"ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები