ე.წ. კაბელების საქმე

პროკურატურა: ინფორმაცია კაბელების საქმეში ჩართულ ექსპერტზე ზეწოლაზე სიცრუეა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

"ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას", - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადებაში წერია, რომ დაცვის მხარეს გამოძიებისთვის ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, სწორედ ამიტომ, პროკურატურა თვლის, რომ სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მსგავსი განცხადებების გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართოს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და ამ უფლებას მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული 5 თვე ჩაეტარებინა მისთვის სასურველი ექსპერტიზა და  სხვა საგამოძიებო მოქმედებები", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ავთანდილ გუმთიაშვილის "გატაცებასა" და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებსავთანდილ გუნთაიშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საექსპერტო დასკვნას დაცვის მხარის სურვილით ამზადებდა. თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, გუშინ ღამე ის პროკურატურაში დაიბარეს, რის შემდეგაც მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენაზე უარი განაცხადა.

 

კომენტარები