GDI: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი კვლავ გამოუძიებელია

რუსთავი 2

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე. ორგანიზაციის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან წელიწადია გასული, სამართალდამცავმა ორგანოებმა არ შეასრულეს მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და არ გამოიძიეს სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი.

"2014 წლის 30 მარტს, გვიან ღამით, ნუგზარ წიკლაურს სახლთან დახვდა რამდენიმე ნიღბიანი პიროვნება, რომლებიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წიკლაური აცხადებს, თავდამსხმელებმა გამოიყენეს ელექტროშოკიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის. თავად დაზარალებული და მისი ადვოკატი არ ეთანხმებოდნენ მითითებულ კვალიფიკაციას, ვინაიდან ნუგზარ წიკლაურის თქმით, თავდამსხმელები მის გატაცებას შეეცადნენ. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ინციდენტიდან გასულია თითქმის 12 თვე, გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, არ შეცვლილა ქმედების კვალიფიკაცია და ნუგზარ წიკლაურისათვის არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრმა პარლამენტის დეპუტატის სავარაუდო ცემის ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანა; გამოძიების დროულად დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ხოლო თავად დაზარალებული საუბრობდა მასზე განხორციელებული თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებზე.

შესაბამისად, გამოძიების ინტერესი დღემდე განსაკუთრებით დიდია იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამ ყოველივეს მიუხედავად, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა არ შეასრულეს მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და არ გამოიძიეს სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი", - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა. ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები