მაღალი პრემიები

ივანიშვილი: მძიმე გადაცდომა პრემიები იყო და ეს ენმ-ისთვის არავის დაუბრალებია

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ხელისუფლების ყველაზე დიდი და მძიმე შეცდომა მაღალი პრემიების გამოწერა იყო და ეს ნაციონალური მოძრაობისთვის არავის დაუბრალებია". ტაბულამ ივანიშვილს სთხოვა, დაესახელებინა ერთი უარყოფითი მოვლენა, რომელიც ქართულ ოცნებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციად არ შეუფასებია.

"ყველაზე დიდ შეცდომად და დარღვევად, ნუ, არ ვიცი, ყველაზე მძიმე სიტყვა რა ვიხმარო, გახსოვთ იმ პრემიების თემა, რომელიც ვთქვათ, სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო.. ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე ცუდი შემთხვევა. და კიდევ შეიძლება.. იყო ეჭვები სხვადასხვა მინისტრსა თუ სხვადასხვა თანამდებობის პირზე და იქ რეაგირებები კეთდება, რაც მთავარია, გამჭვირვალე ხელისუფლება გვყავს თქვენ და მათ იციან კარგად, რომ არაფერი არ დაიმალება და საზოგადოება არაფერს არ აპატიებს. პრემიების თემა როგორ მიგაჩნიათ? ნახეთ, ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დიდი, ყველაზე მძიმე შეცდომა ხელისუფლებას ჰქონდა, რომ ზედმეტი პრემია გამოიწერეს. კანონი კი არ დაურღვევიათ, ზოგადად თუ შევაფასებთ... ასეთი ხელისუფლება ნანატრი იქნებოდა ნებისმიერი ევროპისთვის თუ გნებავთ და ამერიკელებიც იოცნებებდნენ. ეს არის რეალური. შეცდომები, რა თქმა უნდა, ჰქონდათ და კიდევ ექნებათ. შეუცდომელი, ვინც საქმეს აკეთებს და ვიღაც ფიქრობს, რომ შეცდომა არ მოუვა, თავშივე მცდარია. საქმეს რომ აკეთებ, რაღაც გადაცდომა აუცილებლად მოგივა. მაგრამ ეს ვერ იქნება ისე შეგნებულად და დაგეგმილად, რომ ერთ ჯგუფს ემსახურებოდეს. თავშივე რომ დაგეგმილი იყო ძალადობა, მსგავსი დღეს არაა არაფერი და, რა თქმა უნდა, გადაცდომები კიდევ შეგიძლიათ გაიხსენოთ. მე ყველაზე დიდი, ყველაზე მძიმე გავიხსენე და ეს არავის დაუბრალებია ნაციონალური მოძრაობისთვის" - განაცხადა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ თბილისის მერიამ მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატები გამოაქვეყნა და აღნიშნული თემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპეკულაციად შეაფასა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, მაღალ პრემიებს ნაციონალური მოძრაობის მართვის ინერციად მიიჩნევდა.

ცნობისთვის, თანამდებობრივი სარგოს მოცულობა დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის #43 ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3 540 ლარია, საშემოსავლოს დაქვითვით კი 2 832 ლარი. რაც შეეხება მინისტრის ხელფასებზე ყოველთვიურ დანამატებს, მისი დადგენის უფლება საქართველოს პრემიერმინისტრს აქვს (საქართველოს მთავრობის #54 დადგენილება, მუხ. 5). სწორედ აღნიშნული უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და 2013 წლის მარტიდან მინისტრებს (მათ შორის სახელმწიფო მინისტრებს) თითოეულ თვეში სახელფასო დანამატის სახით ფიქსირებული 4 335 ლარი დაუწესა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი მინისტრებზე პრემიების მოუწესრიგებელი გაცემის შეწყვეტა იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს (3 540 ლარი) ფიქსირებული დანამატი (4 335 ლარი) დაემატა და სულ მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარი (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) გახდა. შესაბამისად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიები რეგულარულმა სახელფასო დანამატმა ჩაანაცვლა.

კომენტარები