მთავრობის ხარჯები

მთავრობის ადმინისტრაცია რბილ ავეჯზე: ეს არის აუცილებელი მინიმუმი

"ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ნამდვილად არის საჭირო", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა რბილი ავეჯის შესყიდვაზე განაცხადა. ენმ-ის ცნობით, კანცელარიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის 181 ათასი ლარის რბილი ავეჯი შეიძინა. ცქიტიშვილის თქმით კი, აღნიშნული ავეჯი შეიძინეს იმ სივრცისთვის, "რომელიც ჩვენ არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში და რომელიც საჭიროა მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად". მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მტკიცებითვე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების და შესყიდული ნივთების რაოდენობის კუთხით არასწორი მონაცემები წარმოადგინა.

"ეს სივრცე არ ემსახურება მხოლოდ პრემიერს, არამედ ეს ემსახურება ჩვენი ადმინისტრაციის მუშაობას, პრემიერის და არამხოლოდ პრემიერის მაღალი რანგის შეხვედრებს. პროტოკოლით არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფართები, სხვადასხვა ფორმატია, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრას პირველ პირებს შორს, ისე მაღალი რანგის დელეგაციებს შორის შეხვედრას და ა.შ. ჩვენ ახლა, მიმდინარე რემონტის ფარგლებში, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს და მას სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასწორი ციფრები ჰქონდა წარმოდგენილი. იქ, სადაც ერთი სკამი უწერიათ 15 000-ად, სინამდვილეში 84 სკამი შევისყიდეთ. სადაც წერია, რომ რაღაც ნივთი ღირდა 24 000, სინამდვილში ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენ მიერ ანუ არ იყო გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც არ შესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა და ჟურნალისტის კითხვაზე აღნიშნა, რომ კანცელარიას ბატუტიანი საწოლი არ შეუსყიდია.

"ალბათ იტალიურიდან არის არასწორი თარგმანი. ვიყიდეთ ერთი საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი", - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

კითხვაზე, რა საჭირო იყო საწოლი, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ "საწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის ოთხ საათამდე მუშაობა ხშირ შემთხვევაში". მისივე თქმით, "ალბათ, ეს კითხვა უნდა დაგვესვა მაშინაც, როდესაც ხდებოდა ძალიან ბევრი საწოლის შეძენა". 

"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ ვადებთ საიდუმლო გრიფს, მაგრამ მაშინ, როდესაც ათონელის რეზიდენციას მოვხსენით გრიფი, მაშინ აღმოჩნდა, რომ სწორედ ოთხი თუ ხუთი საწოლი იქნა შეძენილი. მე მაქვს წამოღებული ინფორმაცია. მაგალითისთვის, დივანი ერთი ცალი - 23 000 ლარი. მეორე დივანი - 20 000. საწოლი 14 000, ერთი სავარძელი - 14 000, ერთი სანათი 37 000, მეორე - 34 000. ჯამში, მხოლოდ ათონელის რეზიდენციის რბილ ავეჯზე მილიონ-ნახევარზე მეტი იყო დახარჯული და მხოლოდ სანათებზე მილიონ ლარზე მეტი", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები