ენმ-ს განცხადება

ენმ: ღარიბაშვილი კორუფციასა და ნეპოტიზმს ახალისებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს მოუწოდა გამოიყენონ გამარტივებული შესყიდვები და ერთ პირთან მოლაპარაკებები, შესყიდვის ამ მეთოდების ხშირად და შეუზღუდავად გამოყენება კი ახალისებს კორუფციას და ნეპოტიზმს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება გამარტივებულ წესით შესყიდვების აუცილებლობას ხელოვნურად ქმნის და მათ სატენდერო პროცედურებისათვის გვერდის ავლით სასურველ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის იყენებს. ნაციონალურ მოძრაობას ამის რამდენიმე ფაქტიც მოყავს.

„2015 წლის მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში ყოველწლიულ შეხვედრას მართავს. 2014 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც „შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2014-2015 წლების განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.

შედეგად კი მივიღეთ გაბერილი თანხები და უაზროდ გახარჯული საბიუჯეტო თანხები. ასე მაგალითად სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეხვედრის ორგანიზებისთვის გაიღო:

  • 667 812 ლარი გახარჯა კომპიუტერული ტექნიკისთვის;
  • 896 920 ლარი კი 491 ცალი კარის შეძენისთვის;
  • 883 325 ლარი სკამების, დივნებისა და სავარძლებისთვის;
  • 459 578 ლარი სხვა ავეჯისთვის.

მარტივი გაანგარიშებით შეხვედრისათვის მხოლოდ ამ კონტრაქტით დაიხარჯა თითქმის სამი მილიონი ლარი, იმ ნივთებზე, რომელთა ქირაობა ამ ერთჯერადი ღონისძიებისათვის ბევრად უფრო იაფი დაჯდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენმ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქმის მილიონ-ნახევარი ლარის ავეჯი ნაყიდია შპს გოლბისგან, რომლის დამფუძნებლები თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობის წევრი ლევან დარახველიძე და მისი ძმა ირაკლი არიან. ფირმის პირველი დირექტორი ლევანი იყო, ხოლო დღეს ამ მოვალეობას ირაკლი ასრულებს.  

„მეორე მაგალითი შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის ნომერი 1965 განკარგულების საფუძველზე:

  • 2014 წლის 6 მარტს, ორი მილიონ ასშვიდი ათასზე მეტ ლარის კონტრაქტი გააფორმა შპს ლ.მ.ც. გრუპი, რომელიც ერთი წლის წინაც არ არის შექმნილი, არც მსგავსი სამუშაოების გამოცდილება გააჩნია და არცერთ სახელმწიფო ტენდერში არათუ არ გაუმარჯვია, არამედ მონაწილეობაც კი არ მიუღია;
  • 2014 წლის 17 დეკემბერს, რვა მილიონ ორასთორმეტ ათასზე მეტი ლარის კონტრაქტი გაუფორმა ახლადშექმნილ შპს ჯენერალ ბილდინგს.

მესამე მაგალითი ქალაქ თბილისის მერიამ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ თითქმის 44 მილიონი ლარზე მეტი დახარჯა ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულებებით. ამ თანხაში არ შედის კანონის ძალით გაფორმებულ 5 000 ლარამდე ხელშეკრულებები და სერვის კონტრაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, აშკარაა რომ არავითარი ფორსმაჟორული აუცილებლობა არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა - მთავრობა ადვილად ჩაეტეოდა ტენდერების ჩატარებისთვის აუცილებელ დროში. მათი თქმით, ამას მიუთითებს თუნდაც ის, რომ კონტრაქტები მთავრობის განკარგულების მიღებიდან მინიმუმ 4-5 თვის შემდეგაა გაფორმებული.

კომენტარები