21 მარტის აქცია

გაბაშვილი: ივანიშვილი ძალადობით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას

financial.ge

ივანიშვილი ძალადობით და რეპრესიებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისს ხელკეტებით შეიარაღებული გამგეობის თანამშრომლებისგან შემდგარი ბანდები შეუსიეს. მისი თქმით ივანიშვილი ვერც უგულავას ვერ გატეხს, რომელსაც დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  

"ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც გიგი უგულავას გატეხავს, ვერც მის მეგობრებს და თანამებრძოლებს გატეხავს. ის ვერ მოახერხებს ამ ძალადობის, დაპირისპირების, დაჭერების, რეპრესიების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას" -განაცხადა გაბაშვილმა.

გაბაშვილის განცხადებით, ივანიშვილის მმათველობა ამ სამარცხივნო მთავრობის გადადგომით დასრულდება.

"ჩვენ, 21 მარტს, ძალიან ბევრნი შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და დავიწყებთ მოქმედებას, პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აუცილებლად დამთავრდება მისი რეჟიმის აღსასრულით, აუცილებლად დამთავრდება ამ სამარცხვინო მთავრობის გადადგომით. როგორც გიგის დაჭერა იყო პოლიტიკური აქტი და მისი პირადი შურისძიება, ასევე მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფარსში, ტრაგიკომედიაში მონაწილეობას, რასაც ივანიშვილის პროცესები ჰქვია. ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობის და დაპირისპირების გზით სიარულს, როგორც ამის სურვილი აქვთ დაწყებული სამეგრელოდან დამთავრებული ბევრ სხვადასხვა ადგილას, როდესაც პირდაპირ, სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები და საჯარო მოხელეები ჰყავთ გამოყენებული იმისათვის, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გააჩაღონ. ჩვენ ვაპირებთ ხალხმრავალი, მყარი, შეუპოვარი საპროტესტო, მაგრამ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობით წერტილი დავუსვათ ამ ოლიგარქის სამარცხვინო მმართველობას საქართველოში" - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები